ლიანა ისაკაძე მევიოლინე

  • PDF
ლიანა ისაკაძე უკვე 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი – მან თავისით ისწავლა დაკვრა როიალზე და კომპოზიცია. 3 წლის კომპოზიტორი საერთო გაოცებას იწვევდა. ვიოლინო კი მას სრულიად შემთხვევით ერგო –7 წლის ლიანა ფორტეპიანოს განხრით გამოცდის ჩაბარების დღეს ავად შეიქნა, რის გამოც ერთი კვირის შემდეგ მოუხდა ვიოლინო აეღო ხელში და ვიოლინოს კლასში ჩაებარებინა. იგი პროფ. ლეო შიუკაშვილის მოსწავლე გახდა.

3 თვის შემდეგ, იგი უკვე მსმენელის წინ უკრავდა. 9 წლის ლიანას აკომპანიმენტს სახელმწიფო ორკესტრი უწევდა, ხოლო 10 წლის მევიოლინე უკვე სოლო კონცერტით წარსდგა მსმენელის წინაშე. იმავე 10 წლის ასაკში იგი კონკურს გარეშე მიიწვიეს საერთაშორისო ფესტივალ – კონკურსზე მოსკოვში, სადაც მან პროფესიონალ მუსიკოსთა საკონკურსო პროგრამა ბრწყინვალედ შეასრულა. საგულისხმოა, რომ კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე დავით ოისტრახი იყო. ლიანა ისაკაძის სახელი მთელს საბჭოთა კავშირს გასწვდა.

12 წლის ასაკში მას 1 პრემია მიენიჭა ამიერკავკასიის მევიოლინეთა კონკურსზე. 14 წლის ლიანა, როგორც გამონაკლისი მიიწვიეს მუსიკოსთა საკავშირო კონკურსზე ( კონკურსში მონაწილეთა ასაკის ქვედა ზღვარი 17 წელი იყო). ამ კონკურსზე ლიანას 2 პრემია მიენიჭა. დ. ოისტრახის დაჟინებითი მოთხოვნით მან ერთი წლით ადრე გაათავა თბილისის ცენტრალური მუსიკალური სკოლა და გამოცდების გარეშე მიღებული იქნა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში დ. ოისტრახის კლასით.

კონსერვატორიის გათავების შემდეგ იგი 2 წლის განმავლობაში დ. ოისტრახის ასისტენტი იყო. დ. ოისტრახი, როგორც დირიჟორი, ხშირად პატიჟებდა ლიანა ისაკაძეს ბეთჰოვენის და ჩაიკოვსკის კონცერტების შესასრულებლად. 1974 წელს ამსტერდამში, სადაც დ. ოისტრახს, ლ. ისაკაძესა და მის ძმას ვიოლენჩელისტ ელდარ ისაკაძეს, ბრამსის ორმაგი კონცერტი უნდა დაეკრათ, კონცერტის წინ, დიდი მუსიკოსი – დავით ოისტრახი, მოულოდნელად გარდაიცვალა.

1965 წელს 18 წლის ლიანამ მარგარიტა ლონგისა და ჟაკ ტიბოს მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსზე პარიზში „გრან პრი„ და 1 პრემია მოიპოვა. 1970 წელს პ ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა მოსკოვში ( 3 პრემია ) და იმავე წელს, სიბელიუსის საერთაშორისო კონკურსზე ჰელსინკში, მას 1 პრემია და სიბელიუსის კონცერტის საუკეთესო შესრულების სპეციალური პრიზი მიენიჭა.

1970 წლიდან 1994 წლამდე ლიანა ისაკაძე მოსკოვის სახელმწოფო ფილარმონიის სოლისტი იყო და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ორკესტრთან (დირიჟორი ე. სვეტლანოვი) და მოსკოვის ფილარმონიის ორკესტრთან (დირიჟორი დ. კიტაენკო) ერთად გასტროლებით მოგზაურობდა ევროპაში, ამერიკასა და აზიაში. იგი უკრავდა გ. როჟდესტვენსკის, კ. კონდრაშინის, ა. კაცის, დ. კახიძის და საბჭოთა კავშირის სხვა გამოჩენილ დირიჟორებთან ერთად. ამ პერიოდში მან მრავალრიცხოვანი სავიოლინო ნაწარმოებები ჩასწერა ფირმა „მელოდიაზე „ და მოსკოვის რადიოსა და ცენტრალურ ტელევიზიაზე.

1964 – 1981 წლებში იგი უკრავდა სტრადივარიუსის ვიოლინოზე, რომელიც მას მოსკოვის ინსტრუმენტების სახელმწიფო კოლლექციამ გამონაკლისის სახით დაუთმო.

1965 წლიდან იგი როგორც სოლისტი და დირიჟორი წარმატებით ატარებს კონცერტებს ევროპის პრესტიჟულ დარბაზებსა და ცნობილ ფესტივალებზე სახელგანთქმულ ორკესტრებსა და დირიჟორებთან ერთად: რუდოლფ კემპე, კურტ მაზური, ჰერბერტ ბლუმსტედი, იუკკა პეკკა სარასტე, ნეემი იარვი. შარლ დიუტუა, მიხაილ იუროვსკი, ჟირი კოუტი, ვაცლავ ნოიმანი, ჟან პასკალ ტორტელიე, ჟირი ბელოგლავეკი, იეგუდი მენუხინი, მარის იანსონსი, პაავო ბერგლუნდი, ვალერი გერგიევი, დიმიტრი ლისსი, ვლადიმირ ვერბიცკი, ალექსანრე დიმიტრიევი, გინტარას რეინკიავიჩუსი და სხვა.

1988 წელს, ვენაში შედგა ლიანა ისაკაძისადმი მიძღვნილი ფესტივალი, სადაც იგი გამოდიოდა როგორც სოლისტი, დირიჟორი, ანსამბლისტი და ჯაზური მუსიკოსი (ვენის მუსიკალურმა კრიტიკამ იგი მონათლა როგორც „ გრაპელი კაბაში „). ასეთივე ფესტივალი შედგა ლიხტენშტეინში.

მისი საანსამბლო პარტნიორები იყვნენ: გიდონ კრემერი, მაქსიმ ვენგეროვი, იუსტუს ფრანცი, გრიგორი ჟისლინი, იგორ ოისტრახი არტო ნორასი, ივან მონიგეტი, ნატალი გუტმანი, ალექსეი ლიუბიმოვი, მარია იუდინა, ვიქტორ ტრეტიაკოვი, ალექსანრ სლობოდიანიკი, იურა ბაშმეტი, ბარბარა ჰენდრიკსი, დიმიტრი ალექსეევი,, დავიდ გერინგასი, ედვარდ ბრუნერი, გუსტავ რევინიუსი, დიმიტრი სიტკოვეცკი, ფრანც ჰუმმელი, ფრიდა ბაუერი, ალექსანდ კნიაზევი, ალექსანდრ რუდინი და სხვ.

მას მრავალმა ქართველმა, რუსმა და გერმანელმა კომპოზიტორმა მიუძღვნა თავისი ნაწარმოებები.
ლიანა ისაკაძის მიერ მრავალი კომპოზიტორის მუსიკალური ნაწარმოებია არანჟირებული, მათ შორის – ჩაიკოვსკი, ბრამსი, ბოკკერინი, მენდელსონი, გერშვინი, ი.ს. ბახი, პაგანინი, ფრანც ჰუმმელი, ლ. ბერნსტაინი და სხვ.

ლიანა ისაკაძე მრავალი საორკესტრო და სავიოლინე ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია საბჭოთა კავშირში, მათ შორის აღსანიშნავია - ა. შონბერგის სავიოლინე კონცერტი.

ლიანა ისაკაძე დაჯილდოებულია საბჭოთა კავშირის ყველაზე მაღალი წოდებებით, ჯილდოებითა და ორდენებით. ვიქტორ ტრეტიაკოვთან ერთად, ლიანა ისაკაძე ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსია, რომელსაც საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1988 წელს, ლიანა ისაკაძე არჩეული იყო საბჭოთა კავშირის რეფორმისტული პარლამენტის წევრად. იგი, რჩეულ ჯგუფთან ერთად ახლდა მ. გორბაჩევს მისი იტალიაში ვიზიტის დროს. ამავე დროს ახალი პარლამენტის 9 რჩეულ დეპუტატთან ერთად, მიპატიჟებული იყო ამერიკის სენატის მიერ ვაშინგტონში. საბჭოთა დეპუტატები 2 კვირის განმავლობაში ამერიკის სანატის მუშაობაში იღებდნენ მონაწილეობას. დამშვიდობების წინ, სენატის მიერ გამართულ ბანკეტზე,
ლიანა ისაკაძემ დ.შოსტაკოვიჩის 4 პრელუდია შეასრულა. ოვაციების შემდეგ, საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიმაკოვმა, სენატორებსა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა: ქალბატონებო და ბატონებო, ბოლოს და ბოლოს, თქვენ ახალი საბჭოთა პარლამენტის ჭეშმარიტი სახე იხილეთ!... და ლიანაზე მიუთითა.

2009 წელს გერმანიის წამყვანმა გაზეთმა - „Süddeutsche Zeitung“- მა გამოუშვა
5 კომპაკტ დისკისაგან შედგენილი ალბომი, დასათაურებული „ს ა უ კ უ ნ ი ს
მ ე ვ ი ო ლ ი ნ ე ე ბ ი„ , სადაც 20 გამოჩენილ მუსიკოსს შორის არის ლიანა ისაკაძეც.

2003 წელს სანკტ პეტერბურგში გაიმართა – „ ლ ი ა ნ ა   ი ს ა კ ა ძ ი ს
I   ს ა ე რ თ ა შ ო რ ი ს ო   მ ე ვ ი ო ლ ი ნ ე თ ა   კ ო ნ კ უ რ ს ი „.

ლიანა ისაკძე შეყვანილია მ ე-20  ს ა უ კ უ ნ ი ს   2000  გ ა მ ო ჩ ე ნ ი ლ   მ უ ს ი კ ო ს თ ა
ე ნ ც ი კ ლ ო პ ე დ ი ა შ ი, რომელიც 2002 წელს გამოაქვეყნა კემბრიჯის (ინგლისი) ბიოგრაფიულმა ცენტრმა.

2001 წელს, თბილისის ფილარმონიის შენობის წინ, ლიანა ისაკაძის საპატიო ვარსკვლავი გაიხსნა, ლიანა ისაკაძის ავტოგრაფით.

ლიანა ისაკაძე იყო პარიზში - ჟაკ ტიბოს, ჰელსინკში - ი. სიბელიუსის, მიუნხენში - არდ-ს, სიონში - ტიბორ ვარგას, ოდესაში - დ. ოისტრახის და სხვა კონკურსთა ჟიურის წევრი.

ლიანა ისაკაძე 1998 წელს პ.ი. ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავბჯდომარე იყო.

ლიანა ისაკაძე, სხვა მუსიკოსებთან ერთად, გერმანიაში გამოცემულ 3 მონოგრაფიაში არის წარმოდგენილი. მონოგრაფიები დასათაურებულია "დ ი დ ი  მ ე ვ ი ო ლ ი ნ ე ე ბ ი" (იხ. თავი - მონოგრაფიებიდან).

2009 წელს გერმანიის საგარეო სამინისტროს მიწვევით, მან ჩამოაყალიბა სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდა მუსიკოსთა კამერული ორკესტრი და როგორც დირიჟორმა და სოლისტმა ამ ორკესტრთან ერთად, გერმანიის კულტურის დღეებში, კონცერტები მისცა ბერლინში და ყოფილი იუგოსლავიის ქალაქებში.

2011 წლის მარტში, მან როგორც სოლისტმა და დირიჟორმა დიდის წარმატებით ჩაატარა კონცერტები "ევროპის ახალგაზრდულ კლასიკურ ორკესტრთან" ერთად ბერლინსა, მელზუნგენსა და კასელში.

ლიანა ისაკაძე მაისტერკურსებს ატარებს ზალცბურგში (მოცარტეუმი), ვენასა და შლერნფესტივალზე (იტალია).

1994 წელს, ლიანა ისაკაძის ინიციატივითა და ქ. ინგოლშტატის ქალაქის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, ლიანა ისაკაძის შედგენილი გეგმით, ჩატარდა 15 საუკუნის უნივერსიტეტის შენობის რესტავრაცია. ამ შენობაში „დ. ოისტრახის აკადემია“ დაარსდა.

ლიანა ისაკაძე 1983 წლიდან შემდეგი საერთაშორისო ფესტივალების მხატვრული ხელმძღვანელია - „ღამის სერენადები„ - ბიჭვინთაში (საქარტველო-აფხაზეთი), ეიხშტეტში (გერმანია), ფესტივალი ღია ცის ქვეშ - ბათუმში და „ხელოვნების ზეიმი“ - ბორჯომში.

ლიანა ისაკაძემ ფეისბუკის მეგობრების სხვადასხვა ქვეყნების გამოჩენილი მუსიკოსებისაგან, ჩამოაყალიბა ანსამბლი-ორკესტრი „ ფეისბუკის ვირტუოზები“. ამ ორკესტრის პირველი გამოსვლები შედგება 2011 წლის აგვისტოს ბათუმში, ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებულ ფესტივალებზე - „ ღამის სერენადები „  და  „ ფეისბუკის მეგობრები“.

ამჟამად იგი ცხოვრობს პარიზსა და გრასში (საფრანგეთი).
You are here: ბიოგრაფია მევიოლინე