ლიანა ისაკაძე დირიჟორი

  • PDF
1981 წელს საქართველოს სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა ლიანა ისაკაძე მიიპატიჟა ორკესტრის მხატვრულ ხელმძღვანელად და შემდგომ, მთავარ დირიჟორად.

ლიანა ისაკაძის დირიჟორობით ორკესტრის ტრიუმფალური დებიუტის შემდეგ თბილისსა და მოსკოვში, შემდგომ კი – საბჭოთა კავშირსა და საზღვარგარეთ, ორკესტრი ერთ-ერთ წამყვან ანსამბლად იქცა მსოფლიოში.

1982 – 1989 წლებში, ლიანა ისაკაძის მხატვრული ხელმძღვანელობით, ცნობილი ყოველწლიური მუსიკალური საერთაშორისო ფესტივალები ტარდებოდა ბიჭვინთაში. 1987 – 1988 წლებში ლიანა ისაკაძემ საბჭოთა კავშირში პირველად ( თბილისი, მოსკოვი ) ჩაატარა ფესტივალი „ მუსიკოსები ხუმრობენ „ , რომელიც ძალზედ პოპულარული გახდა და მას მრავალი ტელეგადაცემა მიეძღვნა.

1982 წლიდან ორკესტრი ლიანა ისაკაძის ხელმძღვანელობით კონცერტებით მოგზაურობდა ევროპაში,ამერიკაში, აზიასა და ავსტრალიაში. გამოდიოდა მსოფლიოს პრესტიჟულ ფესტივალებზე.

ლიანა ისაკაძის ხელმძღვანელობით ორკესტრს აქვს მრავალი ჩანაწერი როგორც ცნობილ ფირმა „ მელოდია“-ზე ( მოსკოვი ) ასევე ფირმა „ ორფეო“ -ზე ( მიუნხენი ). ლიანა ისაკაძემ, საულიუს სონდეცკისმა, ოლეგ კრისამ, კომპოზიტორმა ა. შნიტკემ და საქართველოს სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა ჩასწერეს შნიტკეს „ კონჩერტო გროსსო „ - ერთად-ერთი ჩანაწერი, სადაც ა.შნიტკე როიალზე უკრავს.

ლიანა ისაკაძის დირიჟორობით საბჭოთა კავშირში პირველად შესრულდა როსსინის ორკესტრული ვარიანტი „ Petite Missa Solenele“, რომელიც თვით როსსინის მიერ არის ორკესტრირებული.

ლიანა ისაკაძის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველოს კამერულ ორკესტრთან ერთად გამოდიოდნენ ისეთი გამოჩენილი მუსიკოსები, როგორც კურტ მაზური, გენადი როჟდესტვენსკი, იეჰუდი მენუჰინი, გიდონ კრემერი, ნატალია გუტმანი, მიხაილ პლეტნევი, ვიქტორ ტრეტიაკოვი,სერგეი ნაკარიაკოვი, ბარბარა ჰენდრიქსი, საბინე მაიერი და სხვ.

1990 წელს ლიანა ისაკაძემ ცნობილი საავტომობილო ფირმის „ აუდის „ და ბავარიის მთავრობის დახმარებით, საქართველოს კამერული ორკესტრი გერმანიაში, ქალაქ ინგოლშტატში დააფუძნა, რითაც გაფართოვდა ორკესტრის მსოფლიოში საგასტროლო მოგზაურობათა შესაძლებლობა.

მეორე ათასწლეულის ბოლოსათვის, 2000 წელს, ორკესტრის ახალი შემადგენლობითა და სოლისტების - ბინგ ჰუანგისა და ივან მონიგეტის თანხლებით, ლიანა ისაკაძემ ჩაატარა უნიკალური „პილიგრიმობა საქართველოდან ევროპის გავლით იერუსალემში“. საკონცერტო – პილიგრიმული მარშრუტი პირველი ქრისტიანული ცენტრების გზას მისდევდა: ბოდბე (საქართველო), ეიხშტედტი(გერმანია), ვენეცია, რომი,ათენი ეფესი, ისტამბული და ბოლო კონცერტი აღდგომის დღეს იერუსალემში ჩატარდა. ლიანა ისაკაძე ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად აკურთხა სრულიად საქართველოს პატრიარქმა  ილია II -მ,   საბერძნეთის ეფისკოპოსმა და იერუსალემის პატრიარქმა. რომის პაპა იოანე პავლე II-მ, ლიანასთან გამართულ აუდიენციაზე დალოცა იგი და  დაულოცა  გზა  იერუსალემისაკენ.

ლიანა ისაკაძემ უდირიჟორა მრავალ კამერულ ორკესტრს ევროპაში (ავსტრია, ფინეთი, იტალია, გერმანია, შვეცია, სლოვაკია, შვეიცარია, საფრანგეთი, (ესპანეთი ) აგრეთვე მალმოს ( შვეცია ) სიმფონიურ ორკესტრს და ევროპის ახალგაზრდულ კლასიკურ ორკესტრს..

2009 წელს, გერმანიის საგარეო სამინისტროს მიწვევით ლიანა ისაკაძემ ბერლინში, დააარსა სამხრეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდული კამერული ორკესტრი. ამ ორკესტრთან ერთად, გერმანიის კულტურის დღეებში ბერლინსა და ყოფილი იუგოსლავიის ქალაქებში როგორც დირიჟორი და სოლისტი გამოდიოდა.

2011 წლის მარტში, მან როგორც სოლისტმა და დირიჟორმა დიდის წარმატებით ჩაატარა კონცერტები "ევროპის ახალგაზრდულ კლასიკურ ორკესტრთან" ერთად ბერლინსა, მელზუნგენსა და კასელში.

ლიანა ისაკაძემ ფეისბუკის მეგობრების სხვადასხვა ქვეყნების გამოჩენილი მუსიკოსებისაგან, ჩამოაყალიბა ანსამბლი-ორკესტრი „ ფეისბუკის ვირტუოზები“. ამ ორკესტრის პირველი გამოსვლები შედგება 2011 წლის აგვისტოს ბათუმში, ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებულ ფესტივალებზე - „ ღამის სერენადები „  და  „ ფეისბუკის მეგობრები“
You are here: ბიოგრაფია დირიჟორი