ლიანა ისაკაძე მონოგრაფიებში

  • PDF

ჰარალდ ეგებრეხტი  „ დიდი მევიოლინეები „
მიუნხენ – ციურიხი 2000

ერთი ამოსუნთქვით, შეუნელებელი ტემპერამენტით, ინტენსიური აალებული ბგერით,  იჭრებოდა ლიანა ისაკაძე  ვიოლინოს ბგერათა ძაბვამომატებულ  ქარიშხალში.  ლიანა ისაკაძის უკომპრომისო ინტერპრეტაცია, მისი ზღვარმიღმური რბოლა პროკოფიევის თავსატეხი პასსაჟებით ( სონატა ფა-მინორი), უეცრად გახსენებდა პროკოფიევის პარიზულ რეპუტაციას – როგორც მუსიკის მჩეხავისა და ბურის. საოცარია, რომ ლიანა ისაკაძე ამავე დროს, ახერხებდა შეენარჩუნებინა შესანიშნავი არტიკულაცია და წარმოედგინა ნაწარმოების მკვეთრი კონტურები.

მიუხედავად ყოველგვარი მცდელობისა, თვით  დავით ოისტრახიც კი ვერ ახერხებდა ესოდენი ფანატიზმით გამოეხატა ეს ველური აფეთქებანი. მისი ბგერის შეუდარებელი მთლიანობა ამრგვალებდა პროკოფიევის წახნაგებსა და ხლართებს, მაშინ როდესაც ნორჩი ქართველი, მართლაც და ყველა ზღვარს მიღმა მიისწრაფოდა.

მას ვიოლინო და ხემი არამუნებრივად მაღლა ეჭირა და მბრძანებლური სიამაყისა და სიმკაცრის შთაბეჭდილებას  ჰქმნიდა. იგი დღესაც ასეთია: 1965 წელსწ მიუნხენის ჰერკულესის დარბაზში, ლამაზად დოზირებული ვიბრაციით, მაღალ დიაპაზონებში ენერგიული ბგერითა და  გარკვეული პატეტიზმით  იგი იზაის სონატას ასრულებდა.

1981 წლიდან, იგი მთელს მსოფლიოში კონცერტირებს თავისი კამერული ორკესტრით. ქართველ მუსიკოსებს აღტაცებით იღებენ როგორც შლეზვიგ -– ჰოლშტეინის ფესტივალზე, ასევე ლიუდვისბურგში,ზალცბურგსა, თუ ავსტრალიაში. ამ ანსამბლს მისი ხელმძღვანელის დაღი აზის –  მიუხედვად შესრულების მაღალი ვირტუოზობისა - არავითარი გარეგანი ეფექტები. ნაწარმოებში სრულიად უმნიშვნელოც  მთელის სერიოზულობით აღიქმება და არც ერთი ნოტა არ სრულდება შესაბამისი შინაარსის გარეშე.

ბისზე შესრულებულ, გრძნობით გამსჭვალულ და უაღრესი „ შარმით „ წარმოდგენილ ნაწარმოებებშიც კი, ლიანა ისაკაძისათვის უცხოა კოკეტობა, თავმოწონება და პირფერობა მსმენელის მიმართ. ამ მხრივ იგი მთლიანად დავიდ ოისტრახის მოწაფეა. სწორედ ამ ასკეტური სიმაღლითა და კეთილსინდისიერებით იპყრობდა იგი მსმენელებს იმ ნაწარმოებების შესრულების დროსაც, რომლებიც ძალზედ რთულია და იშვიათად ხვდება მევიოლინეთა რეპერტუარში.

როდესაც ლიანა ისაკაძემ მიუნხენში თავის პირველ სოლო კონცერტზე  შონბერგის ფანტაზია შეასრულა, მსმენელებმა სრულიად მოულოდნელად აღმოაჩინეს სავიოლინე რეპერტუარის კიდევ ერთი მრავალფეროვანი, ამაღელვებელი პიესა. შემოქმედებით ამგვარ გამარჯვებებს  იგი   თვითგამოხატვის მოთხოვნილების კატეგორიული ნებით აღწევს. მისი შეუდარებელი უნარი გაამდიდროს ყოველი ბგერა ღრმა შინაარსით და მიიყვანოს ყოველივე შესაძლებლის ზღვრამდე – საოცარია.



იოაჰიმ ჰარტნაკი – ჩვენი დროის დიდი მევიოლინეები.
ატლანტის მუსიკბუხ 1993

1973 წლის მარტში, ლიანა ისაკაძემ  მიუნხენის მსმენელი მოაჯადოვა თავისი ბახის სი მინორული სონატის შესრულებით და დარბაზში ოვაციის ქარიშხალი ააბობოქრა პროკოფიევის ფა მინორული სონატის ინტერპრეტაციით. ხოლო 1981 წელს, იგი უდიდესი წარმატებით უკრავდა ბრამსის სოლ მაჟორულ სონატას და პროკოფიევის ფა მინორულ სონატას.

ამ კონცერტიდან მე თან გამომყვა, მისი არა მარტო არაჩვეულებრივი ქალური  მომხიბლავობა, არამედ  შეუდარებელი ტემპერამენტი, სიცოცხლის ათასნაპერწკლოვანი დღესასწაული და ვირტუოზული სრულყოფილება, რამაც მე განსაკუთრებით გამაკვირვა, რადგან მისი შესრულების ტექნიკურ-მექანიკური მხარე  ყველა აღიარებულ კანონებს ეწინააღმდეგება  - იგი უმთავრესად მთელის ხელით ვიბრირებს, ხემი უჭირავს ჩვეულებრივზე მაღლა და მხოლოდ ორის თითით. ამ გვარი მეთოდი გააოცებდა რუსული სავიოლინო სკოლის დამფუძნებელს  - ლეოპოლდ აუერს!


ალბრეხტ როესლერი  „ ჩვენი საუკუნის დიდი მევიოლინეები“
მიუნხენ ციურიხი

მისი მკაცრი ვნებებით აჟღერებული ბრამსი სწორედ იმ გემოვნებას შეესაბამება, როგორადაც ჩვენ გერმანელებს გვინდა ჟღერდეს „ ჩვენი „ ბრამსი.. გარდა ამისა, ლიანა ისაკაძე   წმინდა სავიოლინე ნიჭიერების ხელოვანია: მისი კრეისლერი, სიბელიუსი, სარასატე საკონცერტე დარბაზს სავიოლინე ხელოვნების ტაძრად აქცევს, რომლის წინაშე თავს იხრიან როგორც პროფესიონალები, ასევე მუსიკის მოყვარულები.

ლიანა ისაკაძის შესრულებით ჩვენ მოვისმინეთ გრიგი და მოცარტი, ბეთჰოვენი და სტრავინსკი, რაც უნაკლო, სერიოზული და ღრმა მუზიცირების აღმაღლებული მაგალითია. ერთ-ერთ კონცერტზე, როცა მევიოლინე თითქოს გაურბოდა ვირტუოზულ ნაწარმოებებს,  იგი უეცრად მოწყდა და გადაეშვა სენ-სანსის თავსატეხ ესკაპადებში - გახსნილი, ღია ბგერითა და ინტერპრეტატორული მომხიბლაობით.

 

You are here: ბიოგრაფია მონოგრაფიებიდან